როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი
1. კონდიციონერის ტიპები
პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ რა ტიპის კონდიციონერი გვჭირდება და სად ვამონტაჟებთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის კონდიციონერი: ფანჯრის (ძველი ტიპის), მობილური, სპლიტ სისტემა და სხვა. ყველაზე გავრცელებულია სპლიტ სისტემა (ერთი გარე ბლოკი და ერთი შიდა ბლოკი). თანამედროვე სპლიტ სისტემის კონდიციონერები მუშაობს, ძირითადად, როგორც გაგრილების ასევე გათბობის რეჟიმში (ე.წ. ზამთარ-ზაფხული).
თუ თქვენ გსურთ თანამედროვე და მრავალფუნქციური კონდიციონერი, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ სპლიტ სისსტემაზე (ძირითადად კედელზე დასამონტაჟებელი), რომელიც შედგება გარე და შიდა ბლოკებისაგან. შიდა ბლოკის დამონტაჟების ადგილი შეიძლება შევარჩიოთ სურვილის მიხედვით, ხოლო გარე ბლოკი საკმაოდ კომპაქტურია და ჯდება სხვადასხვა ინტერიერში. სპლიტ სისტემის კონდიციონერები გამოირჩევა დაბალი ხმაურის დონით, აქვთ დისტანციური მართვის პულტი, რომლითაც შეიძლება ავირჩიოთ მუშაობის რეჟიმები და ფუნქციები. მაგ: გაგრილება, გათბობა, ტენის ამოშრობა, ვენტილაციის რეჟიმი, ავტომატური რეჟიმი და სხვა. ამ სისტემის კონდიციონერების უმეტესობას გააჩნია აგრეთვე ტაიმერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჩართვის და გამორთვის დროის მითითება.
2. კონდიციონერის სიმძლავრე
ძირითადად კონდიციონერს აქვს სიმძლავრის ორი მაჩვენებელი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება შეძენისას. ეს არის ელექტროენერგიის მოხმარების და გაგრილების სიმძლავრე. ამ სიმძლავრეების შეფარდება არის დაახლოებით 1:3. კონკრეტული ფართისთვის უნდა შევარჩიოთ შესაბამისი გაგრილების სიმძლავრის მქონე კონდიციონერი.
სტანდარტულ პირობებში 1 კვტ. (უმეტესად კონდიციონერის გაგრილების სიმძლავრე მოცემულია BTU-ში, 1 ვტ.=3,412 BTU) გაგრილების სიმძლავრე საკმარისია დაახლოებით 8 მ2. ფართისთვის. ასეთი მარტივი ფორმულით შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე შენობაში მომუშავე ტექნიკის არსებობა, როგორიცაა: ტელევიზორი, კომპიუტერი, პრინტერი და სხვა (ასეთ შემთხვევაში საშუალოდ ერთ ნივთზე ვამატებთ 0,5 კილოვატს), ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც (ფანჯრების მდებარეობა და ფართობი, მცხოვრებთა რაოდენობა). არასტანდარტულ სიტუაციაში უმჯობესია კონდიციონერი შევარჩევინოთ სპეციალისტს. დაბალი სიმძლავრის კონდიციონერის შერჩევისას, ვიდრე საჭიროა, ჰაერის გასაგრილებლად საჭირო იქნება მეტი დრო, კონდიციონერი იმუშავებს შეუსვენებლად მაქსიმალური დატვირთვით, იზრდება ხმაურის დონე და ელ. ენერგიის ხარჯი, საბოლოო ჯამში კონდიციონერი მალე გამოვა მწყობრიდან.
თუ გვინდა, რომ სიმძლავრის რეგულირება ხდებოდეს ავტომატურად, ოთახში არსებული ჰაერის ტემპერატურის მიხედვით, მაშინ უნდა შეიძინოთ კონდიციონერი ინვერტორული ძრავით. ოთახში მითითებული ტემპერატურის მიღწევისას კონდიციონერი მუშაობს დაბალი სიმძლავრით, ეკონომიურ რეჟიმში და ინარჩუნებს მითითებულ ტემპერატურას. სტანდარტულთან შედარებით ინვერტორიანი კონდიციონერი არის ეკონომიური 35-40 %-ით და ექსპლუატაციის ვადაც მეტი აქვს.
3. გათბობის რეჟიმი
ძირითადი ფუნქციის- გაგრილების გარდა, თანამედროვე კონდიციონერებს შეუძლია ჰაერის გათბობა. უმეტესად კონდიციონერებს გათბობის სიმძლავრე ოდნავ მეტი აქვს ვიდრე გაგრილების. მაგ: გაგრილების სიმძლავრე თუ არის 12000 BTU, გათბობის სიმძლავრე შეიძლება იყოს 12500 BTU.
კონდიციონერით გათბობა არის გაგრილების შებრუნებული პროცესი, ანუ შიდა ბლოკიდან ხდება სითბოს გამოყოფა, ხოლო გარე ბლოკიდან-სიგრილის. კონდიციონერს აქვს გარე ბლოკის მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი. ამიტომ უნდა შევარჩიოთ კონდიციონერი, რომელიც იმუშავებს ჩვენთვის მისაღებ გარემოში. ძირითადად ჩვენს ქსელში გავრცელებულია კონდიციონერები რომელთა მუშაობის გარე ტემპერატურული დიაპაზონია min -4 0C, max +40 0C, ან min -10 0C, max +40 0C.
4. ტენის ამოშრობა
მაღალი ტენიანობის გარემოში შეუცვლელია კონდიციონერები ტენის ამოშრობის რეჟიმით. ის ამოაშრობს ჭარბ ტენს ოთახში და შექმნის კომფორტულ გარემოს.
ტენის ამოშრობისას კონდიციონერის თბოგამცვლელზე ხდება ტენის კონდენსირება და სპეციალური მილის საშუალებით გაედინება გარეთ. ასეთი კონდიციონერების გამოყენება მოსახერხებელია ისეთ რაიონებში სადაც ხშირია წვიმები და შესაბამისად ტენიანობა მომატებულია.
5. ჰაერის გაწმენდა
თანამედროვე კონდიციონერებში გამოყენებულია მრავალი სხვადასხვა სახის ფილტრი, რომელიც ფილტრავს ჰაერს მტვრის ნაწილაკებისაგან, მიკრობებისაგან, მავნე სუნისაგან და სხვა.
პირველადი გასუფთავების ფილტრი (ბადისებრი ფილტრი) ასუფთავებს ჰაერს მტვრის მსხვილი ნაწილაკებისაგან, ის იწმინდება და ირეცხება დაბინძურების მიხედვით (საშუალოდ 2 კვირაში ერთხელ). დამატებითი ფილტრები შეიძლება იყოს ელექტროსტატიკური, ნახშირის ფილტრი, ბიოფილტრი, Silver ion ფილტრი, კატეხინური ფილტრი (მწვანე ჩაის ექსტრაქტით), ფილტრი C ვიტამიჰით და სხვა. ამ ფილტრების საშუალებით იფილტრება ჰაერი სხვადასხვა მიკრობებისა თუ მავნე სუნისაგან, მაგ: სიგარეტის კვამლისაგან. ასეთი ფილტრები ძირითადად გააჩნია სპლიტ სისტემის კონდიციონერებს. ფილტრების შეცვლის ვადა შეიძლება იყოს 6 თვიდან 2 ან მეტ წლამდე.
არის ასევე კონდიციონერები იონიზატორით. გამოიყოფა უარყოფითად დამუხტული იონები და ანეიტრალებს დადებითად დამუხტულ იონებს, ჰაერი უფრო მსუბუქია და გაადვილებულია სუნთქვა. ასევე ხელს უშლის ბაქტერიების და ვირუსების გავრცელებას.
6. ჰაერის ნაკადის რეგულირება
ჰაერის დაბერვის სიმძლავრის და მიმართულების რეგულირების შესაძლებლობა წარმოადგენს დიდ პლიუსს კონდიციონერის შერჩევისას. პარამეტრების რეგულირება ხელს გვიწყობს ჩვენთვის კომფორტული გარემოს შექმნაში.
ჰაერის ნაკადის სიმძლავრე იზომება კუბურ მეტრებში საათში ან წუთში და გვიჩვენებს ჰაერის სიჩქარეს და რაოდენობას, რომელიც გაივლის შიდა ბლოკში. რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, მით მეტია ჰაერის დაბერვის სიმძლავრე. უფრო ხშირად კონდიციონერებში გამოიყენება ჰაერის დაბერვის 3 სიჩქარე, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებულია ,,TURBO" რეჟიმი (უფრო გაძლიერებული დაბერვა). ასევე შეგვიძლია ვარეგულიროთ ჰაერის ნაკადის მიმართულება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზების საშუალებით. გაგრილებისას ჰაერის ნაკადი უნდა მივმართოთ მაღლა (არ უნდა მოხდეს უშუალოდ ადამიანზე დაბერვა), გათბობისას კი დაბლა, რადგან სითბო ადის მაღლა. ძირითადად სპლიტ სისტემის კონდიციონერებში ჰორიზონტალური ჟალუზების რეგულირება შესაძლებელია ავტომატურად ზევით-ქვევით, ხოლო ვერტიკალურის-ხელით.
7. ავტომატური რეჟიმი
სპლიტ სისტემის კონდიციონერების უმრავლესობას გააჩნია მუშაობის ავტომატური რეჟიმი, რომლის გააქტიურებისას ავტომატურად რეგულირდება მითითებული ტემპერატურა, ჰაერის დაბერვის სიმძლავრე და შეირჩევა რეჟიმი.
კონდიციონერის ჩვეულებრივ გაგრილების ან გათბობის რეჟიმში მუშაობისას ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ, როგორც ტემპერატურა, ასევე ჰაერის დაბერვის სიმძლავრე. ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას კონდიციონერი თვითონ არეგულირებს ჰაერის დაბერვის სიმძლავრეს ოთახში არსებულ ტემპერატურასა და მითითებულ ტემპერატურას შორის სხვაობის მიხედვით, თუ დიდია სხვაობა, შესაბამისად დაბერვის სიმძლავრე გაიზრდება და თუ მცირეა-შემცირდება. ასევე კონდიციონერი თვითონ შეარჩევს რეჟიმს (გაგრილება/გათბობა) მითითებული და არსებული ტემპერატურის მიხედვით. თუ მითითებული ტემპერატურა მეტია ოთახში არსებულზე, მაშინ ჩაირთვება გათბობის რეჟიმი და თუ ნაკლებია-გაგრილების რეჟიმი.
8. დამატებითი ფუნქციები და ტექნოლოგიები
სპლიტ სისტემის კონდიციონერები შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც დიზაინით, ასევე ფუნქციებით და ტექნოლოგიებით. შეიძლება იყოს ინვერტორული მართვით (განვიხილეთ ზემოთ), იონიზატორით და სხვა.
ზოგიერთი კონდიციონერის კონდესატორი (გარე ბლოკში) შეიძლება იყოს ალუმინირებული, ან ოქროს მტვრით დაფარული (ტექნოლოგია ,,Golden Tech"), რომელიც იცავს დაჟანგვისაგან.
თანამედროვე კონდიციონერები იმართება დისტანციური მართვის პულტით, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ ტემპერატურა, მივუთითოთ რეჟიმები, ჩართვის ან/და გამორთვის დრო, ასევე გავააქტიუროთ სხვადასხვა დამატებიტი ფუნქციები, მაგ: გავააქტიუროთ ღილაკი ,,Follow me", ამ შემთხვევაში ოთახის ტემპერატურის გაზომვა ხდება პულტში ჩამონტაჟებული სენსორის საშუალებით, რომელიც ყოველ 3 წუთში გადასცემს ინფორმაციას კონდიციონერის ძირითად მოდულს, ანუ ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა რეგულირდება იმ წერტილში სადაც დევს მართვის პულტი (მაგ: სადაც ჩვენ ვზივართ). ამისათვის საჭიროა ორი პირობის შესრულება: 1. მართვის პულტსა და კონდიციონერს შორის არ უნდა იყოს რაიმე ბარიერი; 2. დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს.